ლევან ფოჩხუა
"მათე მოტორსის" მფლობელი ბრალს არ აღიარებს
სამართალი

გელა ბარკალაია
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. გელა ბარკალაია წამება-მუქარის, ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცამების ხელყოფის მუხლებითაა დაკავებული. "ტელეიმედი" ბარკალაიას ადვოკატთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. „მათე მოტორსის“ მფლობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ორი დღის წინ შეუფარდა, თუმცა მისი დაკავების და სასამართლო პროცესის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.
სამართალდამცავ უწყებაში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. თავად ბარკალაია კი დაკავებას მის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირებს. "ტელეიმედის" ცნობით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებაში საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც უცნობი ქალი „მათე მოტორსის“ მეპატრონეს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა. საქმეში შესაძლოა სხვა დაზარალებულებიც არსებობენ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
გელა ბარკალაია 2009 წელსაც დააკავეს. ბიზნესმენს რამდენიმე მანქანაც ჩამოართვეს. მას ქონება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2015 წლის 24 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ დაუბრუნა.





