imedi
ნატო-ს გენერალი: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აღიარება
სამართალი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ლევან იზორიამ გენერალ პეტერ პაველს თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, პროგრესსა და ამოცანებზე, ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ისაუბრეს გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართულობაზე. ისინი აცხადებენ, რომ პრაქტიკულ ნაწილში საქართველოს როლი მნიშვნელოვანი იქნება.
"ალიანსი აღიარებს საქართველოს პროგრესს, უჭერს მხარს ტერიტორიულ მთლიანობას. მუდამ მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს საქართველოს ორი რეგიონის აღიარება. ნატო-ს წევრობისთვის გასასვლელია მოსამზადებელი გრძელი გზა", - აღნიშნა პაველმა.
თბილისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი დღეს ეწვია. დელეგაციას გენერალი პეტერ პაველი ხელმძღვანელობს. ოფიციალური ვიზიტი 2-დღიანია. გაიმართება სხდომა. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან. შეხვედრების მთავარი თემებია - ურთიერთობების გაღრმავება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ერთობლივი სწავლებები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, შავი ზღვის უსაფრთხოება. სტუმრები მოინახულებენ გორის თავდაცვის აკადემიას და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. "ნატო-ს შტაბბინაში გავაგზავნეთ შეთავაზება, რა ფორმით შეგვიძლია მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოებაში", - ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია.





