პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
სამართალი

ლევან ვეფხვაძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. შესაბამისად, გამოძიება პარალელურად მიმდინარეობს. ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც გვაძლევს მოცემულობა, მაშველებთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის ვადგენთ ყველას მონაცემებს, ვინც კორპუსის მცხოვრებია, რა ინფორმაციას ფლობს და ვაგროვებთ ცნობებს.
ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის გამოყენებულია არაერთი დრონი და შესაბამისად ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. სამაშველო სამსახური თავის მხრივ მუშაობს და აქტიურად ეძებს პიროვნებებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მაშველებმა ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. მაშველები შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ. ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





