პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

ფოტო: პროკურატურა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, რომ მათ ე.წ. ონლაინ-კაზინოს ინოვაციური პროგრამა შექმნეს, რაშიც თითქოსდა, დახარჯული ჰქონდათ 2 000 000 აშშ დოლარი. ბრალდებულებმა დაზარალებულს 150,000 აშშ დოლარის ინვესტირება შესთავაზეს და შემდგომში მოგების მიღებასაც დაჰპირდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულს მობილურ ტელეფონში ვიზუალურად აჩვენა პროგრამული კოდი და აღუთქვა, რომ კაზინოს ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის ნოემბრიდან, იგი ყოველთვიურად მიიღებდა წმინდა მოგების 15-20%-ს. დაზარალებულმა 2024 წლის 03 ივნისს ბრალდებულს 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი აქტივი ე.წ. კრიპტო-საფულეზე გადაურიცხა.
ბრალდებულებმა წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიის დიდი ოდენობით თანხის დასაუფლებლად. გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში შეხვდა აღნიშნული კომპანიის დირექტორის მოადგილეს და მას მაღალი დონის IT სპეციალისტად გაეცნო. ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, 40 000 ევროდ კომპანიის სარეკლამო ვებ-საიტის შექმნას დაჰპირდა. კვალის არევის და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულებრივ სქემაში ჩართო მეორე პირი, რომელმაც დაზარალებულთან გააფორმა მოჩვენებითი ხელშეკრულება და 40 000 ევრო ჩაარიცხვინა მის ანგარიშზე.
თანხის ჩარიცხვისთანავე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს აღნიშნული თანხები.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. სამივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.





