ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა
სამართალი

შსს/ვიდეო/კადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის ივლისში ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ქალი მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა.
დაკავებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.





