ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ვინაობა არ იცის და გასარკვევია
სამართალი

ნიკა გვარამია
ფოტო: ვიდეო/კადრი
მოსარჩელესთან ერთად თქვენ უნდა გაარკვიოთ დასაკითხი მოწმეების სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული, - განაცხადა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ.
გვარამია სხდომაზე მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა, რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია. მოსამართლემ მას მიმართა, ჩამოეთვალა გამოსაკითხი მოწმეები.
„მოწმეები დასადგენია, ჩვენ სახელი და გვარებით არ ვიცით. ეს არის თანამშრომლები, მათ შორის კომისიის, იუსტიციის სამინისტროსი.
ჩვენ როგორ უნდა ვიცოდეთ?! უკაცრავად. მართლა საკონსტიტუციო სასამართლოში ვართ! ინკვიზიციური სასამართლოა, თქვენ უნდა გაარკვიოთ მოსარჩელესთან ერთად სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. ამიტომ გეუბნებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში როგორ ხდება და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
იგი არ დაეთანხმა პროცესზე გამოთქმულ აზრს, რომ მის მოთხოვნაში ბუნდოვანებაა.
მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო





