გიორგი პატარიძე: როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებული უნდა იქნას გადაყვანილი დეესკალაციის ოთახში, ხდება უკვე შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რასაც ვეძახით ჩხრეკის პროცედურებს, შესაძლებელია, მსჯავრდებულს გააჩნდეს რაიმე სახის საგანი, რომლითაც მან შეიძლება მიიყენოს თვითდაზიანება
სამართალი

გიორგი პატარიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
არა მხოლოდ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში, იქ შესაძლებელია რომ იყოს 5, 7, 8 თანამშრომელი, რომლებიც ესწრებიან კონკრეტულ პროცესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გიორგი დავითაძის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს რთულ პირობებში უწევთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.
პატარიძემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული შრომისთვის.
„როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებული უნდა იქნას გადაყვანილი დეესკალაციის ოთახში, ხდება უკვე შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რასაც ვეძახით ჩხრეკის პროცედურებს. შესაძლებელია მსჯავრდებულს გააჩნდეს რაიმე სახის საგანი, რომლითაც მან შეიძლება მიიყენოს თვითდაზიანება“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტება გააკეთა გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს დაწესებულებაში დავითაძისადმი სოლიდარობის გამო ბუნტი იყო.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სპეცდანიშნულების ძალები არ შესულან დაწესებულების ე.წ. კორპუსებზე, ისინი განთავსებულები იყვნენ სწორედ იმ პერიმეტრზე, სადაც მათ ევალებოდათ მსჯავრდებულების გადაბარება ესკორტის ოფიცრებთან ერთად, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მათი ეტაპირება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - დასძინა პატარიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.





