გიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლად, ამ დონეზე ვფიქრობთ ხოლმე ჩვენ მსჯავრდებულებზე, ამიტომ პარალელების გავლება უადგილოა, რეჟიმზე და სასაკლაოზე გვესაუბრებით, რაც 2012 წლამდე ხდებოდა
სამართალი

ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენ ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ. იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლად. ამ დონეზე ვფიქრობთ ხოლმე ჩვენ მსჯავრდებულებზე, ამიტომ პარალელების გავლება უადგილოა, რეჟიმზე და სასაკლაოზე გვესაუბრებით, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ სპეციალური პენიტენციური დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარაძემ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრის, სტუდენტ ლაზარე ქარჩხაძის საპასუხოდ.
მისი თქმით, ლაითურის N1 პენიტენციური დაწესებულება უნიკალური დაწესებულებაა, რომელსაც შესაძლებლობა, აქვს მიიღოს როგორც დაბალი, ისე საშუალო, მომეტებული და ასევე მაღალი რისკის მსჯავრდებულები.
„დღეს უკვე ჩვენი ინოვაციური პროექტის განხორციელების ეტაპზე ვართ ლაითურში. იქ აშენდება კინოთეატრი, რომელიც იქნება მაღალი სტანდარტების, ცალკე მდგომი შენობა. დაბალი რისკის მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კინოჩვენებს, სხვადასხვა ღონისძიებას. მეტიც, პენიტენციური სამსახური, როდესაც მსგავსი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, მაშინ განსაკუთრებულად ვფიქრობთ მსჯავრდებულებზე და იმაზე, რომ შევქმნათ სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ თუნდაც, რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლად. იქ იქნება მოწყობილი ე.წ. ზებრა გადასასვლელები, შუქნიშნები და ასევე ამორტიზებული მანქანა, რომელსაც პენიტენციური სამსახური ჩამოწერს, იქნება ამ კონოთეატრთან. ამ დონეზე ვფიქრობთ ხოლმე ჩვენ მსჯავრდებულებზე. ამიტომ პარალელების გავლება უადგილოა, რეჟიმზე და სასაკლაოზე გვესაუბრებით, რაც 2012 წლამდე ხდებოდა“, - განაცხადა პატარიძემ.





