ალექსანდრე დარახველიძე: როცა უცხოელი მოითხოვს ბინადრობის უფლებას, მასაც და საქართველოს მოქალაქე პარტნიორსაც მოუწევთ კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა იმისთვის, რომ დადასტურდეს, ნამდვილია ეს ქორწინება თუ ფიქციურ ხასიათს ატარებდა
სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე
ფოტო: შსს
როცა უცხოელი მოითხოვს ბინადრობის უფლებას, მასაც და საქართველოს მოქალაქე პარტნიორსაც მოუწევთ კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა იმისთვის, რომ დადასტურდეს, ნამდვილია ეს ქორწინება თუ ფიქციურ ხასიათს ატარებდა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, თუ უწყებათაშორის კომისიას გაუჩნდა ეჭვი, რომ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას, მასალები გამოძიების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო უწყებაში იგზავნება.
„მას შემდეგ, რაც ქორწინებაში მყოფი უცხოელი მიმართავს იუსტიციის სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვს ბინადრობის უფლების მიღებას, კანონის დონეზე გათვალისწინებულია უწყებათაშორისი კომისიის გავლა. მასში შედიან შსს-ის, სუს-ისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და თითოეულ მეუღლეს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოუწევს კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა იმისთვის, რომ დადასტურდეს, ნამდვილია ეს ქორწინება თუ ფიქციურ ხასიათს ატარებდა.
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ეს ქორწინება ნამდვილია, უკვე შემდეგი ეტაპები იწყება. მუდმივად არ გაიცემა ბინადრობა და აქაც გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. თუმცა, თუკი ეჭვი გაუჩნდა კომისიას, რომ აქ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას და ქორწინების მიზანი იყო ნებართვის მოპოვება, ეს მასალები შემდგომი გამოძიების მიზნით იგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და საგამოძიებო უწყებაში.
შემდეგ საგამოძიებო უწყება ამას გამოიძიებს და თუკი გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილად იყო ფიქციური, ავტომატურად გაბათილდება ეს ქორწინება და ორივე პირს, საქართველოს მოქალაქესაც და უცხო ქვეყნის მოქალაქესაც, დაედება სასჯელი, რაც გათვალისწინებულია.
უცხოელის მიმართ შეიძლება გაძევებაც მოხდეს და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით. ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით – ამას თავად მოსამართლე გადაწყვეტს, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით“, – აღნიშნა დარახველიძემ.





