ინტერვიუ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რუსლან ალდამოვთან. ვიდეო
სამართალი
პანკისის ხეობასა და თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რუსლან ალდამოვს "იმედის დღის"ჟურნალისტი დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა.
რუსლან ალდამოვს, პანკისის ხეობაში ფსევდონიმით აბდულ ვაჰაბის სახელით იცნობენ. სუსის ინფორმაციით, დაკავებულ ოთხ ადამიანთან ერთად რუსლან ალდამოვი აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თბილისში ბინის შოვნაში დაეხმარა. ამ ფაქტს ინტერვიუში რუსლან ალდამოვი უარყოფს. ის აცხადებს, რომ ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა.
ამასთან, ალდამოვი ამბობს, რომ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით რიზვან გორნაკაშვილთან არ უსაბრია. მისივე თქმით 22 ნოემბრის სპეცოპერაციამდე ორი თვით ადრე თურქეთში მეგობრებთან იმყოფებოდა.
მან საზღვარი, სავარაუდოდ, სექტემბერში გადმოკვეთა. როგორც თავად ამბობს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქართველმა მესაზღვრეებმა ორი მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და სიმ ბარათები გაუნადგურეს.
21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომლის დახმარებითაც ტერორისტებმა ბინა იქირავეს რიზვან გორნაკაშვილი იყო. ის სუსმა დააკავა, თუმცა 23 ნოემბერს გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისსა და პანკისის ხეობაში მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, 26 დეკემბერს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.
სპეცოპერაციის დროს პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.





