ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე 12 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს, მათ შორისაა ნანა სანდერი და მამუკა ლაბუჩიძე
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი/არქივი
ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე 12 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. ყველა მათგანი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. ბრალდებულებს შორისაა ნანა სანდერი, რომელიც პროცესზე ე.წ. კამიტით მოწამვლის თემის აქტუალიზაციას ცდილობს.
„28 ნოემბერს ქართველების ევროპული მომავლის დასაცავად ვიდექი აქციებზე. ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი. მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, წელის ტკივილები. მაქვს D ვიტამინის ნაკლებობა, ეს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან არაა კავშირში. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დამეწყო თითების დაავადება, ჩემი 7 თითი არის დაავადებული.
მე თუ დღესვე დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დღესვე ვიწყებ მშრალ შიმშილს“, - განაცხადა ნანა სანდერმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, მამუკა ლაბუჩიძეს, მისი ადვოკატის აიჰან ჰასანლის თქმით, მამუკა ლაბუჩიძეს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას, თუმცა როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კარის ჯანჯღარი არ ნიშნავს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას.
„მამუკა ლაბუჩიძის მხრიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება მიზნად არ ყოფილა“, - აღნიშნა ადვოკატმა.




