ბრალდებული ირაკლი ნადირაძე პრეზიდენტის სასახლის შტურმზე: სინამდვილეში იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ღობე იყო გადანგრეული და ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ დავრჩენილიყავი, ესეც წარმოუდგენელი იყო
სამართალი

ირაკლი ნადირაძე
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ვიდეო მტკიცებულებები, რომელზეც პროცესის მონაწილეებმა ბრალდებულთა სიტყვაც მოისმინეს. კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, ისინი თავის მართლებას ცდილობდნენ და თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.
ბრალდებულმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„სინამდვილეში იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ღობე იყო გადანგრეული და ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ეს ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ დავრჩენილიყავი, ესეც წარმოუდგენელი იყო, სუფთა ადამიანურად“, - განაცხადა პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, ირაკლი ნადირაძემ.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.




