ცნობილია, ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს
სამართალი
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთი თვის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საედ დუდაევი დააკავეს, თუმცა დღეს სუსმა განაცხადა, რომ მაშინ დაკავებული პირი 23 წლის შუაიფ ბორზიევია. ის ინტერპოლით იყო ძებნილი. ბორზიევი ეროვნებით ჩეჩენია.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ სპეცოპერაციის დროს სპეცსამსახურებმა მოკლეს, 33 წლის ასლამბეკ სოლტახმედოვია. ის რუსეთის მოქალაქე იყო და ინტერპოლი ეძებდა. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლეს, იბრაჰიმ ადაშევია. მის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზე არ იძებნება.
სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.





