ლევან ჩუგოშვილი
სუსი: იგეგმებოდა დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმები
სამართალი

ნინო გიორგობიანი
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
პანკისის ხეობასა და თბილისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. სუსის განცხადებით, დაკავებული პირები და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმებს გეგმავდნენ.
"დაკავებულები არიან: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუციებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც მან თავის არეში ჭრილობა მიიღო. იგი ჰოსპიტალიზებულია.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.
სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.
საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა წარმოადგენდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებებისა და 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.
დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - თქვა ნინო გიორგობიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია დღეს ჩაატარა. ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.





