სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა - გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მის ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული.
სხდომას, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართა, ბრალდებული არ დაესწრო. მისი წერილი პროცესზე ადვოკატმა წაიკითხა:
„გამოვხატავ დიდ პატივისცემას სასამართლოს მიმართ. სანამ სრულად არ შევისწავლი საქმის მასალებსა და მტკიცებულებებს, არ ვაპირებ რომ სხდომას დავესწრო. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს ადვოკატს“.
პროკურორმა სხდომის დახურვის მიზეზი ჟურნალისტებთან განმარტა.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისათვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება. კონკრეტულმა პირებმა რა ჩვენება მისცეს, გამოკითხვის ოქმში რა ინფორმაცია დაადასტურეს. ამაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, დღეს პროცესის დახურვის ერთ-ერთი გარემოება, რა თქმა უნდა, ეს იყო. თუმცა, გამოკითხული არიან შემხებლობაში მყოფი პირები. ამ საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რასაც „მამხილებელს“ უწოდებთ. გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპისთვის გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მოწოდებული არ აქვს”, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.




