სუსი: გიორგი ლუკავა მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლებას გამოეხმაურა.
უწყების ცნობით, ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია.
"მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ციხიდან 2011 წლის მაისში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გათავისუფლდა.
დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას"- ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლუკავა ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე ცოტა ხნის წინ გადმოეცა.მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად იდგა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრის დღის წესრიგში.
მანამდე აფხაზურმა მხარემ უარყო ცნობა, რომ ლუკავა შეიწყალეს. გიორგი ლუკავა "იმედთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებდა, რომ ის აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებამ შეიწყალა - "ელოდებიან ქართულ მხარეს. გაცვლა უნდა მოხდეს. ვიღაცას ითხოვენ. ერთი მეომარი ვერ გაიყვანეს და ისეთი გაცვალეს, ვინც საქართველოში შესაშვები არ არის".
ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე - გუდაუთაში მკვლელობებშიც.
მას 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს, 2015 წლის დეკემბერში კი, ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდეს. 2016 წლის მარტში ტყვეთა გაცვლისას ლუკავა ბოლო მომენტში საკანში მიაბრუნეს. მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა. ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. პირველი 3-წლიანი პატიმრობა 1999 წელს დასრულდა, ტყვეთა გაცვლით.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.




