პაატა სალია: 2012 წლის შემდგომ არც ერთი საქმე, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევას, წამებას, არაადამიანურ, არასათანადო მოპყრობას სტრასბურგის სასამართლოს მიერ დასაშვებად არ ყოფილა ცნობილი
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ჩვენ მადლობა გადავუხადეთ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიიღო ამ ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებისთვის საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარესთან, მატიას გიომართან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შორის თანამშრომლობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი პროცედურა, რომელიც ხორციელდება ჩვენი მხარის მიერ არის დროული და იმ წესების შესაბამისი, რაც არის დადგენილი სასამართლოს მიერ.
ჩვენ ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც არის საქართველოდან მომდინარე საქმეთა რაოდენობის შემცირება; ასევე ვისაუბრეთ, რომ 2012 წლის შემდგომ არც ერთი საქმე, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევას, წამებას, არაადამიანურ, არასათანადო მოპყრობას, არც ერთი ასეთი საქმე დასაშვებად არ ყოფილა ცნობილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ.
მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ხდება და საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ჩვენ მადლობა გადავუხადეთ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიიღო ამ ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებისთვის საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა გუშინდელ მინისტერიალზეც, რომელიც მიგრაციის საკითხებს ეძღვნებოდა.
„ხაზი გაესვა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას იმ კონტექსტში, რომ გუშინდელ მინისტერიალზე, რომელიც მიგრაციის საკითხებს ეძღვნებოდა, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული სასამართლოს როლი და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას ამა თუ იმ ქვეყნის შიდა სუვერენული გადაწყვეტილებები მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. გარკვეულ ქვეყნებს ჰქონდათ მოსაზრება, რომ უნდა იყოს დაშვებული გარკვეული გამონაკლისები ამ ნორმებთან მიმართებაში. თუმცა, გუშინდელი შეკრება - შეხვედრაზე ბატონ პრეზიდენტთან ამაზეც ვისაუბრეთ, დასრულდა კონსენსუსით და მიიჩნიეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია. მიგრაციის საკითხებში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ - სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ეროვნული უსაფრთხოებაა“, - განაცხადა სალიამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა.




