გიორგი გახარია ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა
სამართალი

გიორგი გახარია
სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, "იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, "ეს სამწუხარო ფაქტია," თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია, მინისტრმა თქვა, რომ ფაქტობრივი მხარის დასადგენად არსებობს სასამართლო.
"ვფიქრობ, მოვიდა დრო, როდესაც ამ სტიგმიდან, სუბიექტურად, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, ერთპიროვნულად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს - სწორი არ არის. უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ვფიქრობთ, რომ სასამართლოს და პროკურატურას უნდა მივცეთ შესაძლებლობა დეტალურად განიხილოს ეს საკითხი.
იმ შემთხვევაში თუ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ფაქტი დადასტურდება, რა თქმა უნდა ამას დეტალურად გამოიძიებს პროკურატურა და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს. თუმცა ბატონ ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების ან თავის დაცვა - მიაყენა თუ არა მან შეურაცხყოფა პოლიციელს", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
პოეტი ზვიად რატიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა.
საქმე შეეხება რატიანის დაკავების პროცესში პოლიციელების მიერ მის ცემის სავარაუდო ფაქტს, რომლის შესახებაც თავად პოეტი აცხადებს.
შსს-მ მომხდარზე დღეს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.





