ალექსანდრე დარახველიძე: არ დადასტურდა, თითქოს გამოყენებული იყო აკრძალული ნივთიერებები, დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად
სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის გამოძიების შედეგებს გამოეხმაურა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დადასტურდა რომ უწყებას უკანონო ნივთიერება არ გამოუყენებია.
„ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 90-მდე პირი, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად. არ დადასტურდა, თითქოს გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომლებიც აკრძალული იყო და შეიცავდა ნივთიერება „კამიტს“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი“, - განაცხადა დარახველიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.





