ალექსანდრე დარახველიძე: შსს-სა და მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით
სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით. კერძოდ, ბევრი ტექნიკური საშუალება დაინერგა იმისთვის, რომ გზებზე საგზაო მოძრაობის წესების დაცვა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახდენთ მონიტორინგს იმ ნორმების აღსრულებაზე, რომლებიც პრაქტიკაში მოქმედებს და სადაც ვხედავთ რომ სანქცია არ არის ეფექტური და ვერ უზრუნველყოფს პრევენციას, ამ შემთხვევაში პერიოდულად მივმართავთ ხოლმე პარლამენტს ცვლილებებისთვის. სწორედ ერთ-ერთი მორიგი ცვლილებაა, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავაანალიზეთ ის სამართალდარღვევები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება და ყველაზე მეტად იწვევს გზებზე ავარიებს, ჩვენი მოქალაქეების დაშავებას და სამწუხაროდ, გარდაცვალებასაც. შესაბამისად, სწორედ ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ცვლილებების შემუშავება“, - აღნიშნა მან.
ცვლილებების თანახმად, 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.





