საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
სამართალი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. ლევან კუპატაშვილის უფლებადამცველის განმარტებით, ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. მას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდების დადგენილებას ეთანხმება“, - განაცხადა კუპატაშვილის ადვოკატმა დავით გაფრინდაშვილმა.
ამავე საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს, პროექტის მენეჯერებსა და საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-სარგებლობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომლის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა 16 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.
გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმის გამოძიების შედეგები გუშინ გაასაჯაროვა.





