ბინის მფლობელი, რომელშიც ეჭვმიტანილები არიან გამაგრებულები, დაკითხვაზეა გადაყვანილი
სამართალი

დუისის პოლიციის განყოფილებაში დილიდან დაკითხვაზე იმყოფება პირი, რომელმაც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლი გააქირავა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
26 წლის ასლან ჯაბრაელოვი, დუისში ცხოვრობს და ახმეტაში “სოკარის” ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, ასლან ჯაბრაელოვმა ბინა ცოლის ძმის თხოვნით, ისე გააქირავა, რომ დამქირავებელთა ვინაობა არ უკითხავს.
ჯაბრაილოვის ახლობლების ინფორმაციით, ასლანბეგმა ბინა ერთი თვის წინ გააქირავა მისი ცოლისძმის, 38 წლის რ. გ–შვილის დახმარებით, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია. მასთან დაკავშირებას, ოჯახის წევრები წუხელ გვიან საღამოდან ვეღარ ახერხებენ.
გამოცემა reginfo ჯაბრაილოვის ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ ასლანბეგის ცოლისძმა რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, თბილისში სამშენებლო ობიექტზე მღებავად მუშაობდა. თანასოფლელები მას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ რადიკალურ დაჯგუფებებთან ან ტერორიზმთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორამცია, რომ კორპუსზე, რომელშიც ტერორირზმში ეჭვმიტანილი სულ მცირე ორი პირია გამაგრებული, შტუმრი დაიწყო.სროლის ხმა კი ადგილზე თითქმის სულ ისმის.
ცნობილია ისიც, რომ ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან, პანკისის ხეობაში მცხოვრებს ეკუთვნის.
სუსის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.
სუსი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირებს, რომელთა სპეცოპერაციაც ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობს, მძევლები ჰყავთ აყვანილი.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია ღამით დაიწყო.





