ბელა ზაქაიძე
პროკურორი: დავკითხეთ ყველა, ვისაც დეკანოზის საქმის მტკიცებულების შენახვასთან კავშირი ჰქონდა
სამართალი

პროკურორები
ფოტო: ბელა ზაქაიძე
დაიკითხნენ თუ არა დეკანოზის საქმის პროკურორები ჯარჯი წიკლაური და ზვიად გუბელაძე, უცნობია. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკისგან თავს შეიკავებს.
თუმცა, გუმბერიძის თქმით, დაიკითხა პროკურატურამ ყველა ის პირი დაკითხა, ვისაც მტკიცებულებების შენახვასთან კავშირი ჰქონდა. ამასთან გუმბერიძე ამბობს, რომ ის თავად დაკითხავს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დეკანოზის საქმის ადვოკატებს. მისი განცხადებით, ადვოკატების პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება მიმდინარე გამოძიება და საქმე გვაქვს დახურული სასამართლო პროცესიდან მასალის გამჟღავნებაზე, რისი უფლებაც მხარეებს არ ჰქონდათ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ეკა ლომიძემ თბილისის პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან, კოლეგების მსგავსად, უარი განაცხადა გამოკითხვაზე.
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.





