ბელა ზაქაიძე
დეკანოზის ადვოკატმა ეკა ლომიძემ პროკურატურა დატოვა
სამართალი

დეკანოზის ადვოკატები
ფოტო: ბელა ზაქაიძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ეკა ლომიძემ თბილისის პროკურატურა დატოვა. მან, კოლეგების მსგავსად, უარი განაცხადა გამოკითხვაზე.
მისი თქმით, პროკურატურაში მას ხელი მოაწერინეს ოქმზე, რომლის მიხედვითაც გამოკითხვაზე უარს ამბობს და შესაბამისი არგუმენტების მოყვანაც სთხოვეს.
ეკა ლომიძე აცხადებს, რომ კანონით ადვოკატს კლიენტთან ურთიერთობისას მიღებული ინფორმაციის დაცვა ეკისრება.
პროკურატურასთან იმყოფება დეკანოზის კიდევ სამი ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას არ უთქვამს რომ ჩვენების მიცემას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებდა, არამედ თქვა, რომ ამ უარის არგუმენტებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დააფიქსირებდა.
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.





