ბელა ზაქაიძე
დეკანოზის ადვოკატები არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებენ ჩვენების მიცემას
სამართალი

მიხეილ რამიშვილი
ფოტო: ბელა ზაქაიძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებენ პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას. ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თქვა. მაგისტრ მოსამართლესთან დღეს 3 ადვოკატი: მიხეილ რამიშვილი, პაატა მეხრიშვილი და სულხან კომახიძე არიან დაბარებულები.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას არ უთქვამს რომ ჩვენების მიცემას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აპირებდა, არამედ თქვა, რომ ამ უარის არგუმენტებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დააფიქსირებდა.
რამიშვილის განცხადებით, ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე ჩვენების მიცემის მოთხოვნა უკანონოა.
ამ წუთებში დეკანოზის ადვოკატები თბილისის პროკურატურასთან იმყოფებიან, სადაც მეექვსე ადვოკატი ეკა ლომიძე უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარს აფიქსირებს.
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.





