გიორგი ხუხია
დეკანოზის მეექვსე ადვოკატი პროკურატურაშია, თუმცა ჩვენების მიცემას არ აპირებს
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის მეექვსე ადვოკატი ეკა ლომიძე უკვე პროკურატურაშია. საქმე შეეხება დეკანოზის საქმის დახურული სასამართლო პროცესის ამსახველი მასალების მედიაში გავრცელებაზე დაწყებულ გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე უკვე თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, სხვა ადვოკატების მსგავსად, ჩვენების მიცემას არ აპირებს. პარალელურად, თბილისის პროკურატურის შენობასთან არიან დეკანოზ გიორგი მამალაძის სხვა ადვოკატებიც.
საგამოძიებო უწყებასთან იმყოფება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ადვოკატების დაბარება არის ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევა.
ასევე ცნობილია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე არიან დაბარებული ადვოკატები პაატა მეხრიშვილი, მიხეილ რამიშვილი და სულხან კომახიძე. მათ ასევე უარი განაცხადეს ჩვენება მიეცათ პროკურატურისთვის, რის შემდეგაც შოთაძის უწყებამ მათი დაკითხვა სასამართლო წესით მოითხოვა. ადვოკატების განცხადებით, ისინი მოსამართლესაც არ მისცემენ ჩვენებას.
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.





