ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ კორტების საქმის მოწმეზე ზეწოლაა
სამართალი
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას თხოვენ. იურისტები აცხადებენ, რომ მათ ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მსჯავრდებული მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მათზე ზეწოლას ახორციელებენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებს მოწმის ვინაობა არ დაუსახელებიათ. თუმცა აცხადებენ, რომ ის არის ე.წ. კორტების საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. მოგვიანებით მოწმის ვინაობა დაასახელა ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა. მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ის კობა გოგატიშვილია. მსჯავრდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა პროკურატურამ მოახდინა და ამ მიზნით მოწმე გატაცებულიც კი იყო. ველიჯანაშვილი ვაზაგაშვილის ოჯახის განცხადებას ფაქტის გადაფარვით ხსნის.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, შვილი, ასევე ადვოკატები.
გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





