სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს
სამართალი

ნიკა გვარამია
ფოტო: Imedi.ge
ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანცია განიხილავს. სხდომა მსჯავრდებული გვარამიას პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. ნიკა გვარამიამ ოპოზიციას რჩევები მისცა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის ვისაც ამას დააბრალებს და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას ესეც საზოგადოების ბრალია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ხელისუფლებას ამ ველში ვერ გადმოითრევენ. პირიქით, თვითონ უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და დაამარცხონ ხელისუფლება. ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით მოაგვარონ. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ფართო თვითმმართველობის ორგანოებში ფართო წარმომადგენლობა ჰყავთ“, - განაცხადა გვარამიამ.
მან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და „მხნედ და კარგად“ ყოფნისკენ მოუწოდა.
გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილის პროკურორს სიცრუეში ადანაშაულებს.
„მხარეებმა წარვადგინეთ შესავალი სიტყვები. როგორც მოსალოდნელი იყო პროკურატურამ ისაუბრა მათ შორის ტყუილები და უსუსური არგუმენტაციით ცდილობს, რომ თითქოსდა დაასაბუთოს ნიკა გვარამიას მხრიდან დანაშაულის ჩადენა. შემდეგი ეტაპი არის მოწმის დაკითხვა და ამის შემდეგ მხარეები დასკვნითი სიტყვით წარვდგებით სასამართლოს წინაშე. არ ვიცი რამდენად მოხერხდება დღეს ეს ყველაფერი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში დაცვის მხარე მონდომებულები ვართ, რომ ეს პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მათ შორის დღეს წარმოვთქვათ ჩვენი დასკვნითი სიტყვა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში 16 მაისს დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდშია დამნაშავედ ცნობილი





