ანა ბერუკაშვილი
საკრებულოს დეპუტატს ქრთამის აღებისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
სამართალი

სულხან კაპანაძე
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, სულხან კაპანაძის განცხადებით, ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
"ზურაბ ნეფარიძე არ ცნობს თავს დამნაშავედ. ზოგადად მისი პოზიციაა, რომ ისნის რაიონში გარკვეული პროექტები ბოლო პერიოდში დაიბლოკა ქართული ოცნების ზოგიერთი წევრის მხრიდან. კონკრეტულ გვარებს შემდგომ მოგახსენებთ", - აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, საქმის მასალები უახლოეს პერიოდში გადაეცემა.
"უშუალოდ ზურაბ ნეფარიძეს არავისგან არ აუღია ქრთამი, ეს შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა",- აცხადებს ადვოკატი. საქმეში ფიგურირებს ფარული ჩანაწერიც, თუმცა მისი თქმით, ამგვარ მასალას ჯერ არ გაცობია.
ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ბრალის წარდგენიდან 24 საათში იმსჯელებს. სავარაუდოდ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატები კი სასანართლოს ნეფარიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შესთავაზებენ.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე დღეს დააკავა. ის 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია "ეროვნული ფორუმიდან". წარსულში ნეფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.





