დმანისის ინციდენტში მონაწილე დაკავებულია
სამართალი

ფოტო: IMEDI
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, დმანისის ინციდენტში მონაწილე დაკავებულია. როგორც „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა შვილი სამართალდამცველებს თავად ჩააბარა.
მიხეილ დაუაშვილი ასევე განმარტავს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინციდენტის პროვოცირებაში კი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
„სოფელ განთიადში, ჩემს შტაბში ვიყავი აგიტატორებთან და ვსაუბრობდით ამომრჩეველთან შეხვედრასთან დაკავშირებით. ამ დროს გამოიარა კახა ოქრიაშვილის ესკორტმა. ყველანაირად ცდილობენ, რომ წამოგვაგონ პროვოკაციაზე. ჩემი შვილის სისუსტე გამოიყენეს, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვმა დამინახა, რომ გრძნობა დავკარგე, დავეცი და მირტყამდნენ. ის აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა. ჩემი შვილი თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას. მე თვითონ მოვიყვანე, რომ დანაშაულზე აგოს შესაბამისი პასუხი“, - აცხადებს მიხეილ დაუაშვილი.
მანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
დმანისში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.





