მარიამ ქართველიშვილი
დეკანოზის პროცესზე მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა
სამართალი

მეუფე პეტრე
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა. როგორც პროცესიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა განაცხადა, გიორგი მამალაძის მიმართ ბრალდება ტენდენციურია. ”ჰქონდათ კითხვები და დავადასტურე, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული ძალაუფლება. თეთრუაშვილს შეუძლია მხოლოდ ცილისწამებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს. "-განაცხადა მეუფე პეტრემ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ. "კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია ბრალდების მხარის დამოკიდებულება და ცდილობენ, თავისი დავალება და ამოცანა იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. მართლმსაჯულება თავის სათქმელს იტყვის", - განაცხადა მეუფემ.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ის სასამართლოს ამ სიტყვებით დაემშვიდობა - "შეხვედრამდე სამოთხეში".
პროცესის დაწყებამდე მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ის სასამართლო პროცესზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე დაიკითხება. "იმედის" შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულ დეკანოზისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მან უპასუხა, რომ ეს არის ცინიზმი.
საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს 4 მოწმე დაიკითხება, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის მეზობლები. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულს ეკუთვნოდა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შესახებ დღეს ადვოკატებმა უნდა თქვან, შეძლეს თუ არა ოხანაშვილთან დაკავშირება და დაკითხავენ თუ არა მას სკაიპით. ბრალდების მხარეს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საკუთარ მოწმეთა სიაში ჰყავს, თუმცა პროკურორები ამბობენ, რომ ოხანაშვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
სასამართლო პროცესებზე უკვე დაკითხეს დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა; ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმდა ილია მეორის დისშვილმა, ქეთევან შიოლაშვილმა.
სასამართლო სხდომები დახურულია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





