მარიამ ქართველიშვილი
მეუფე პეტრე: პროცესის დახურვა უსამართლო გადაწყვეტილებაა
სამართალი

მეუფე პეტრე
დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სასამართლო სხდომების დახურვა უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.
მეუფე პეტრეს თქმით, ის სასამართლო პროცესზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე დაიკითხება. ”მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ, სასამართლოს წინაშეც იგივე გავიმეორო. მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიის საშუალებით”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
"იმედის" შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულ დეკანოზისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მან უპასუხა, რომ ეს არის ცინიზმი.
საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს 4 მოწმე დაიკითხება, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის მეზობლები. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულს ეკუთვნოდა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შესახებ დღეს ადვოკატებმა უნდა თქვან, შეძლეს თუ არა ოხანაშვილთან დაკავშირება და დაკითხავენ თუ არა მას სკაიპით. ბრალდების მხარეს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საკუთარ მოწმეთა სიაში ჰყავს, თუმცა პროკურორები ამბობენ, რომ ოხანაშვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
სასამართლო პროცესებზე უკვე დაკითხეს დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა; ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმდა ილია მეორის დისშვილმა, ქეთევან შიოლაშვილმა.
სასამართლო სხდომები დახურულია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





