მარიამ ქართველიშვილი
ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
სამართალი

ფოტოგრაფების საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმეში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს წელი 6 თვე, დავით დევნოზაშვილს 4 წელი 6 თვე მიუსაჯეს.
ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა დავით დევნოზაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. "მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ფოტორეპორტიორების საქმეში წინასაგამოძიებო მოქმედებებში მე მონაწილეობა არ მიმიღია. ასევე არ მიმიღია უკანონო ბრძანებები. არ გამაჩნდა კომპეტენცია, რომ დაკავებულებზე რაიმე უკანონო ქმედება განმეხორციელებინა. ამ საქმის მთავარი მოწმე ვიქტორ ყაჭეიშვილი არის ძალადობრივი მანქანის სიმბოლო. მისი ჩვენება კი ყალბია. მე არაფრის სანაცვლოდ არასოდეს, სხვისი ოჯახის შვილების სიცოცხლეს არ გავხდი ვაჭრობის თემად. ჩემ ქვეყანას უანგაროდ ვემსახურებოდი! გთხოვთ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება,"- განაცხადა ბრალდებულმა დევნოზაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებულები იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, „პრაიმ ტაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.
პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.





