ადვოკატი: შორენა თეთრუაშვილმა სასამართლოზე სამოქალაქო ფიცი დადო
სამართალი

შორენა თეთრუაშვილი
"მეუფე იაკობის გარდა, ყველა სასულიერო პირმა ძალიან ღირსეულად გვიპასუხა. თქვეს, რომ არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და არც სმენიათ. აღნიშნეს, რომ მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, რომელიც ბრალდებულის სტატუსს უნდა ატარებდეს. იარაღის ფლობას რაც შეეხება, გაეღიმათ და თქვეს, რომ არაფერი იციან. საქმეში დევს მამა მიქაელის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტები. ერთზე არის მამა მიქაელის ხელმოწერა, მეორეზე - შორენა თეთრუაშვილის. მამა მიქაელმა თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილს ხელმოწერის უფლება მასთან შეთანხმებით, მხოლოდ გარკვეულ ცნობებზე აქვს. მისთვის უცნობია, რატომ მოაწერა ხელი შორენა თეთრუაშვილმა გამოძიებისთვის გადასაცემ წერილზე და აუცილებლად გაარკვევს მიზეზს საპატრიარქოში. შორენა თეთრუაშვილმა შეკითხვაზე, მიირთმევს თუ არა ტკბილეულს, უპასუხა, რომ სხვა ადამიანების მსგავსად, მიირთმევს. თქვა, რომ მისი სტატუსიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა ბარიერი სასულიერო პირის კარიერულ წინსვლაში. როდესაც ადამიანი აძლევს ჩვენებას, უნდა დადოს ფიცი. სამი ფიციდან ერთი არის რელიგიური. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა შორენამ რელიგიური ფიცი არ დადო, სამოქალაქო ფიცი დადო. ეს მისი ნებაა. ჩემი აზრით, სხვა ფიცი რომ დაედო, სხვა პასუხებს გასცემდა", - განაცხადა ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორემ.
სასამართლო სხდომები დახურულია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





