მიქაელ ბოტკოველი: სასამართლოზე კითხვები საპატრიარქოს ქონებაზე დამისვეს
სამართალი

მიქაელ ბოტკოველი
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა. დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის მიმართ დასმული კითხვები საპატრიარქოს ქონების მართვის საკითხებს შეეხებოდა.
“გავეცი არგუმენტირებული პასუხი. შედეგზე იმსჯელებს სასამართლო. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს შესრულებულ საქმეებთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული. მე, როგორც პატრიარქის მდივანს, დამისვეს შეკითხვები. შეკითხვები ეხებოდა საპატრიარქოს ქონების მართვის საკითხს“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
დღესვე დეკანოზის საქმეზე სასამართლოს ჩვენებები მისცეს საქმეში დაზარალებულად აღიარებულმა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ.
მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მას კითხვები დაუსვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც, თუმცა რა კითხვები ჰქონდა ბრალდებულს, მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





