ბელა ზაქაიძე
პროკურორი: თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ დეკანოზისთვის გველის შხამი არ უთხოვია
სამართალი

შორენა თეთრუაშვილი
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ დეკანოზისთვის გველის შხამი არ უთხოვია და არც 500 დოლარი მიუცია მის შესაძენად. პროკურორის განცხადებით, თეთრუაშვილმა თქვა, რომ დეკანოზისთვის არც ციანიდი უთხოვია ოქრომჭედლებისთვის. "მან დეკანოზთან დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მამალაძე თეთრუაშვილს კარიერული წინსვლისთვის შემაფერხებლად მიიჩნევდა", - განაცხადა გუბელაძემ.
მისივე თქმით, დადასტურდა, რომ დეკანოზი მამალაძე ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს უკვეთდა სტატიებს, რომლებიც მაღალი სასულიერო პირის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით კი შორენა თეთრუაშვილმაც ვერ დაადასტურა, რომ მის მკვლელობას აპირებდა გიორგი მამალაძე. "თეთრუაშვილმა განაცხადა, რომ ანგარების მოტივი არ მიმიციაო. არც საბაბია ცნობილი თეთრუაშვილისთვის, თუ რატომ მოკლავდა. არ ვიცი, ამზადებდა თუ არა ჩემს მკვლელობასო. შეკითხვა დავუსვით ტკბილს და შაქარს მიირთმევდა თუ არა, ვინაიდან პროკურატურის მასალებში საუბარი იყო თითქოს არ ჭამდა ტკბილს და შაქარს ვის მოკვლასაც გეგმავდა დეკანოზი. თეთრუაშვილმა პროკურატურის მასალების საპირისპიროდ განაცხადა, რომ ტკბილს და შაქარს ღებულობს როგორც ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ ციანიდის და ხელნაწერების უკრაინიდან ჩამოტანა სთხოვა თეთრუაშვილმა დეკანოზს. თეთრუაშვილმა ხელნაწერები დაადასტურა, ციანიდი არა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
საპატრიარქოს მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი დღეს კომენტარის გარეშე დატოვა. კითხვაზე, რა ჩვენება მისცა მან სასამართლოს და სთხოვა თუ არა დეკანოზს ციანიდი, თეთრუაშვილმა არ უპასუხა.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





