ბელა ზაქაიძე
შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზის პროცესი კომენტარის გარეშე დატოვა
სამართალი

შორენა თეთრუაშვილი
საპატრიარქოს მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი კომენტარის გარეშე დატოვა. კითხვაზე, რა ჩვენება მისცა მან სასამართლოს და სთხოვა თუ არა დეკანოზს ციანიდი, თეთრუაშვილმა არ უპასუხა.
დეკანოზის საქმეზე დღეს, შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. საპატრიარქოს მდივან-რეფერენტი სასამართლოში პროცესისი დაწყებისთანავე მივიდა. დღევანდელ პროცესზე ასევე სასულიერო პირები, მათ შორის მეუფე იაკობი და საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლები იკითხებიან.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





