გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ინდოელებს პატიმრობა შეეფარდათ
სამართალი

არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დაკავებულ ინდოეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პროკურორის თქმით, ინდოეთის ორი მოქალაქე მოზარდებმა ამოიცნეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე - თითოეულისთვის 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას.
ინდოეთის ორი მოქალაქე 4 ივლისს დააკავეს.
მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სსკ-ის 138-ე მუხლი - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკთან მიუღწეველთან. ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა.
4 ბავშვი მეზობელთან სათამაშოდ ადიოდა. სადარბაზოში ქირით მცხოვრებმა ინდოეთის მოქალაქეებმა ისინი სახლში შეიტყუეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ამის შესახებ მოზარდებმა მშობლებს უამბეს.





