ვაჟა სირაძე: ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია
სამართალი

ვაჟა სირაძე
ფოტო: IMEDI
ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა, შეიარაღებული თავდამსხმელი კი დაკავებულია, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გავრცელდა კიდეც მედიასაშუალებებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.





