დეკანოზის საქმის განხილვა 23 ივნისს განახლდება
სამართალი

გიორგი მამალაძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.
"დავაყენეთ სხდომების საჯაროობის შუამდგომლობა. ჩვენი მტკიცებულება მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის საჯარო განცხადება იყო. მოსამართლემ თქვა, მე ვწყვეტ, არის თუ არ საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაო. მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა შუამდგომლობაზე იმსჯელოს. ვთქვით, რომ პროკურორების პოზიცია მთავარი პროკურორის პოზიციას ეწინააღმდეგება. დავასაბუთეთ, რომ სხდომა საჯარო უნდა იყოს, მაგრამ მოსამართლემ კვლავ დახურული დატოვა. ვერ გაბედეს საქმის მასალების სრულად გაშვება. არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია, რაც მოსამართლეს აფიქრებინებდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს", - განაცხადა ადვოკატმა.
"იგივე პოზიციაზე ვრჩებით - პროცესი სრულად დახურული არ უნდა იყოს. დანარჩენს დავაკვირდებით, გვექნება მეტი ინფორმაცია და შეფასების შესაძლებლობა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ომბუდსმენი ობიექტური იქნება - ორივე მხარის ინტერესებს ნეიტრალურად დაიცავს. საქმეში არ არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. არის ვიდეო, სადაც გიორგი მამალაძე და ირაკლი მამალაძე სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე საუბრობენ", - განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





