დიტო ყირიმლიშვილი
გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სამართალი

გიორგი რურუა
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გათვალისწინებით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროცესის პარალელურად, რურუას მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციას მართავდნენ.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ განაჩენს ჯერ სააპელაციოში გაასაჩივრებს, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოსა და სტრასბურგში.
„ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიეღო, არის პოლიტიკური მითითება. არაფერი არ არსებობდა საქმეში, არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების სამარცხვინო და არადამაჯერებელი ჩვენებები იმიტომ, რომ ჩვენ დოკუმენტურად შევძელით რიგ შემთხვევებში მათი ტყუილის დამტკიცება. იყო აგრეთვე ბიოლოგიური ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ინსტანციის ობიექტურობაც ეჭვქვეშ დგას“, - განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.





