გიორგი შაქარაშვილის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება
სამართალი

გიორგი შაქარაშვილი
ფოტო: Facebook
გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე ალაპარაკდა. ვახტანგ ახვლედიანი, რომელიც საბედისწერო ღამეს მდევრებს ბუჩქებში დაიმალა, გამოძიებას ერთი თვის შემდეგ კონკრეტულ გვარებს უსახელებს. ახალ ჩვენებაში მოწმემ დააზუსტა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე მედიითა გავრცელებული კადრებით მოგვიანებით ამოიცნო და დარწმუნდა, რომ მდევრებს შორის, რომლებიც შაქარაშვილს ხიდის ქვეშ ჩაჰყვნენ, ეს ბრალდებულები არ ყოფილან.
ახვლედიანის ადვოკატი, კახა წერეთელი განმარტავს, რომ დეტალების გასახსენებლად მისი დაცვის ქვეშ მყოფს ერთი თვე ემოციური მდგომარეობის გამო დასჭირდა.
ამასთან, 500-გვერდიანი ტომი კიდევ არაერთ საინტერესო დოკუმენტს აერთიანებს. აქვეა ანი გაბეჩავას ჩვენება, სადაც ის განმარტავს, რომ მცხეთაში მამის მეგობარმა წაიყვანა დაკითხვაზე, იქამდე კი იმ მეგობრებს შეხვდა, ვინც წვეულებაზე მისი სტუმრები იყვნენ. გაბეჩავა გამოძიებას არწმუნებს, რომ მის კლასელებსა და მამის მეგობრებს შორის მომხდარზე საუბარი არ ყოფილა.
ასევე, მერსედესის მგზავრის ნიკა ჟვანიას ტელეფონს ანძები 19 ივნისის გვიან ღამემდე მცხეთაში აფიქსირებენ. გამოძიების მასალებში კი მისი ტელეფონი არ დევს. ჟვანიამ გამოძიებას უთხრა, რომ ის მეორე დღეს გაურკვეველ ვითარებაში მანგლისში დაკარგა, თუმცა ანძების მონაცემებით ის მანგლისში არ ყოფილა და ტელეფონის აქტივობა 20 ივნისის ჩათვლით ფიქსირდება.
გამოძიებამ ამ დრომდე ვერ იპოვა ვახო ჩიქოვანის სმარტ საათი, რომელზეც შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს. სამართალდამცველები მტკიცებულებებს ჩიქოვანის ნათესავის სახლშიც ეძებდნენ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისი დეიდაშვილი გაჩხრიკეს და ტელეფონი ამოიღეს, გამოძიება ფიქრობს, რომ მარიამ გოგილაშვილს, შესაძლოა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. თავად გოგილაშვილმა გამოძიებას გამოკითხვაზე უარი უთხრა და ჩვენების სასამართლოში მიცემა მოითხოვა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.





