საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
სამართალი

დავით ცინარიძე
ფოტო: facebook
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.
სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დავით ცინარიძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროცესი 30 აპრილს ჩაინიშნა.





