ლევან ჩუგოშვილი
სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სამართალი

მუსტაფა ემრე ჩაბუქი
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დემირელის კოლეჯის ბრალდებულ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადაციო სასჯელი შეუფარდა, რაც 3-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს. მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურა თურქეთის საგამოძიებო უწყებებიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე თურქეთის მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას და მოგვიანებით მის ექსტრადირებას ითხოვდა.
პროკურორების ინფორმაციით, ჩაბუქს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულს დემირელის სკოლის წილების გადამალვასა და გასხვისებაშიც ედება ბრალი. ამ წილების ნაწილი პროკურატურის ინფორმაციით დაყადაღებულია.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე გათავისუფლებას ან 10-ათასიან გირაოს ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 15 წელია, რაც საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ეს ბრალდება უსაფუძვლოა. "დღეს თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და მოვითხოვ ქართულმა მხარემ არ გადამცეს თურქეთს. არანაირი უწყება არ ჩამბარებია. არ მესმის, რაზეა საუბარი. მე დანაც კი არ მიტარებია არასოდეს."- განაცხადა პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.





