გიორგი გახარიამ თვითიზოლაციის წესების დაცვაზე კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა
სამართალი

გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომლებიც განსაზღვრული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.





