დიტო ყირიმლიშვილი
სასამართლოში პარლამენტთან დაპირისპირებისას ორი დაკავებულის პროცესი იმართება
სამართალი

ბექა პაპაშვილი
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლო მოძრაობა "შეცვალეს" ორი აქტივისტის საქმეს განიხილავს, რომლებიც დღეს პარლამენტთან წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
მოსამართლე ჯერ ბექა პაპაშვილის, შემდეგ კი გიორგი რუხაიას საქმეს განიხილავს. ადვოკატ სალომე ქურდიანის თქმით, პაპაშვილის და რუხაიას დაკავება დაშინების მცდელობაა. ადვოკატი ამბობს, რომ ბექა პაპაშვილმა 2 დღის წინ დატოვა ადმინისტრაციული პატიმრობა.
დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. პოლიციის მიერ განლაგებულ რკინის ბარიკადებზე აქციის მონაწილეებს საღებავებით წარწერების „წადი“ დაწერა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ განუმარტა, რომ ამას კანონი კრძალავდა. მოძრაობის „გაბედე“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა კონსტრუქციებზე სტიკერები „შეცვალე“ დააკრეს.
პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩავარდნის გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, მათ შორის თბილისში სამართალდამცველებმა ორჯერ დაშალეს აქცია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ ჩაკეტილი. აქციებზე მოქალაქეებიც დააკავეს.
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.
ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.




