დიტო ყირიმლიშვილი
ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხეს
სამართალი

დიმიტრი საძაგლიშვილი გიორგი გაბუნია
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანხების გაფლანგვის საქმეზე, კომპანიის ყოფილი ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოიკითხა.
გაბუნიამ უწყების დატოვების შემდეგ თქვა, რომ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მიაწოდა პროკურატურას, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება. მან გაუთქმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი გამოკითხვებს მის საქმიანობას უკავშირებს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/n8Z4ZVRmt44" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
„მთავარი არხის“ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი „დაკითხვების სერიას“ ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებას და „მთავარი არხის“ განეიტრალებას“ უკავშირებს.
2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, 3 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გამოკითხეს, 5 ოქტომბერს გამოძიების კითხვებს „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ უპასუხა. ოთხივე მათგანი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.
ამავე საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 50-50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.





