ლევან მორჩიაშვილი
ჯიშკარიანის ადვოკატი: თამთა თოდაძის ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა
სამართალი

ილია ჯიშკარიანი
ფოტო: Facebook
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თამთა თოდაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც ჯიშკარიანი მკურნალობს.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მოწმეთა წრის გაფართოებაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მას უკავშირდებიან უცნობი მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოში ჩვენებების მისაცემად მზად არიან. კუბლაშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი, საქმის წარმოებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება და ერთადერთი მოთხოვნა, რაც დაცვის მხარეს აქვს, სასამართლო და საგამოძიებო პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობაა.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უცნობია, როდის გაწერენ კლინიკიდან.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.





