ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს
სამართალი

ნოდარ მელაძე
ფოტო: Facebook
ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს 11:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს.
,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე საქმეზე გუშინ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი. სამივე მათგანი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.
2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ამავე საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 50-50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.





