ვარკეთილში ნგრევის საფრთხის გამო კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს
სამართალი

ფოტო: Imedi
თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ინფორმაცია Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა.
უწყების ცნობით, კორპუსი ყველა მცხოვრებმა დატოვა. ორი მოქალაქე კი, რომელთაც თავად გადაადგილება არ შეეძლოთ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით გაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით კორპუსის მე-8 სადარბაზოდან ნგრევის მსგავსი ხმა შემოესმათ, მეორე დღეს კი ნახეს, რომ სადარბაზოს ბზარი ჰქონდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდნენ, რის მერეც გაირკვა, რომ კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა.
ევაკუირებული მოსახლეობა ღამეს სასტუმროებში გაატარებს. სადარბაზოს შეკეთება კი უკვე დაიწყო. ავარიული კორპუსიდან სულ 18 ოჯახია გაყვანილი. მოსახლეობა დედაქალაქის მერიას დახმარებას სთხოვს.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.





